ინტერვიუ სანდრო თავართქილაძესთან
დღეს საქართველოს ავტოსპორტი განვითარების მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ევროკრედიტი კი ამ განვითარების გზაზე მუდამ ამ სპორტის მხარდამჭერია. წლების განმავლობაში საქართველოს საავტომობილო ფედერაციის მხარდაჭერის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა მრბოლელების სპონსორი გამხდარიყო და როგორც მთლიანად სპორტისთვის ასევე ახალგაზრდების კარიერულ წინსვლაში საკუთარი წვლილი შეეტანა.
გასულ წელს ევროკრედიტი გახდა ახალგაზრდა მრბოლელის სანდრო თავართქილაძის პარტნიორი.. სანდრო 23 წლის ახალგაზრდა მრბოლელია, რომელიც ბავშვობიდან ჩართულია ავტოსპორტში, ცნობილი მრბოლელის შვილი, 12 წლიდან იღებს პროფესიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობას და უკვე რვაჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2022 წელს კი სამ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე, 21 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სანდრო დასახელდა წლის საუკეთესო მრბოლელად და ეს წელი საბოლოო, დიდი გამარჯვებით დაასრულა.
სანდრო თავართქილაძემ, 2022 წელს, სულ სამ კატეგორიაში იასპარეზა: აღმართის დაძლევის ჩემპიონატი, რომელიც სამი ეტაპისგან შედგებოდა და სამივე ეტაპზე გაიმარჯვა, ასევე წყვილთა რბოლის ჩემპიონატზეც ოთხი ეტაპიდან ოთხივეში პირველი ადგილი დაიკავა და საბალოო ჩემპიონაობა, 6 ეტაპიდან 4-ში გამარჯვებით, საქართველოს ვირტუალურ ჩემპიონატში მოიპოვა.
უფრო მეტს კი, თავად სანდროსგან შეიტყობთ.
მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ როდის და როგორ დაიწყეთ მრბოლელლის კარიერა?
ზოგადად ავტოსპორტში ჩართული ვიყავი ბავშვობიდან, რადგან მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელი იყო საქართველოში. პირველი შეჯიბრი ალბათ იმ ასაკში ვნახე, როდესაც ჯერ ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ 6-7 წლიდან უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული. მის ყველა შეჯიბრზე დავდიოდი, არც ერთი არ გამომიტოვებია და ჩემი აზრით სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს სპორტი ძალიან შემიყვარდა. უკვე 2012 წელს მეც გადავწყვიტე, რომ ამ სპორტში მეცადა ბედი. პირველად მონაწილეობა მივიღე 12 წლის ასაკში და პირველივე შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავე. იქიდან მოყოლებული უკვე 10 წელია პროფესიონალურად ვარ დაკავებული ამ სპორტით. ამ პერიოდის განმავლობაში 8-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ერთხელ აზიის ფორმულა რენოს პრიზიორი.
რამდენად დიდი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ავტოსპორტს?
ავტოსპორტს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია და თავისუფალი დროის დიდ ნაწილსაც ავტოსპორტს ვუთმობ, თუმცა ამის გარდა სხვა სპორტის სახეობებითაც მიყვარს გართობა და ასევე მეგობრებთან ერთად დროის გატარება. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ავტოსპორტის გარეშე არ წარმომიდგენია, ვგეგმავ საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას, რაც ფინანსური თვალსაზრისით, დღევანდელი გადასახედიდან ძალიან რთული ჩანს, მაგრამ არ ვნებდები და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა.
როგორია შეჯიბრის წინ მომზადების პროცესი?
საქართველოში დიდად იმის პირობები არ გვაქვს, რომ ბევრი ვივარჯიშოთ და კარგად მოვემზადოთ, თუმცა თუ გვაქვს საშუალება ყოველი შეჯიბრის წინ გარკვეული რაოდენობით ვვარჯიშობთ, გააჩნია რბოლის სახეობას. წინა დღეებში ვტესტავთ მანქანას ყველაფერი წესრიგში არის თუ არა, ვამოწმებთ იმ ტრასასაც რაზეც უნდა გაიმართოს რბოლა და მასაც შეძლებისდაგვარად ვსწავლობთ. მანქანას კი განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. წლის დასაწყისში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავმართოთ და მოვაწესრიგოთ, რათა მთელი წლის განმავლობაში ნაკლებად მოგვიწიოს მანქანის შეკეთება. მიუხედავად ამისა, ავტოსპორტში ყველა დეტალს წინასწარ ვერ გათვლი, შესაბამისად შეჯიბრიდან შეჯიბრამდე მაინც გვიწევს მანქანის გადამოწმება. თითოეულ გამოსვლაზე მანქანაზე დიდი დატვირთვა მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია შეჯიბრებამდე მანქანა საფუძვლიანი შემოწმება გაიაროს, ასე მძღოლიც იმედიანად გრძნობს თავს და უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. მანქანის მომზადების პროცესში ყველა მრბოლელი ჩართულია, რადგან საკუთარი შესაძლებლობების, უნარების და მართვის სტილის შესაბამისად მოხდეს მანქანის პარამეტრების დარეგულირება. რბოლისას უმნიშვნელოვანესია პილოტი თავს კომფორტულად გრძნობდეს საჭესთან.
გამარჯვებების შემდეგ როგორია მარცხთან შეგუება და მისი მიღება?
გამარჯვება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო, რაც ამ სპორტშია. ყოველთვის ვცდილობ, რომ პირველი ადგილი დავიკავო, რადგან სხვანაირად არ შემიძლია. პირველი ადგილისთვის ვასპარეზობ მაშინაც კი, როდესაც ეს არ მჭირდება ჩემპიონატში ლიდერობის შესანარჩუნებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ მარცხი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და თუ რომელიმე შეჯიბრზე დავმარცხდი, უკვე იმ წამიდანვე ვფიქრობ შემდეგ შეჯიბრზე, ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ დავიბრუნო პირველობა და ეს სტატუსი შევინარჩუნო.
როგორ შეაფასებდი ქართულ ავტოსპორტს?
ავტოსპორტი საქართველოში ბოლო წლებია განვითარების კარგ გზას ადგას, მოიმატა მაყურებელმა და საზოგადოების ჩართულობამ მაგრამ საჭიროა კერძო კომპანიებისგან მეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო ბევრი მაღალი დონის მრბოლელს ქონდეს სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება და კიდევ უფრო მაღალი დონის სანახაობა შეიქმნას.
რა გავლენა ჰქონდა და აქვს ევროკრედიტს თქვენს კარიერაზე ?
ევროკრედიტი უკვე რამდენიმე წელია ავტოსპორტში ძალიან აქტიურად ჩაერთო თავიდან ეხმარებოდა გარკვეული კატეგორიების განვითარებას და გვერდში ედგა საქართველოს საავტომობილო ფედერაციას. თავიდანვე ძალიან სასიხარულო იყო ისეთი ძლიერი კომპანიის ჩართა ამ სპორტში, როგორიც ევროკრედიტია და მისი დახმარებით ის სახეობები ნამდვილად განვითარდა და წინ წავიდა. უკვე წინა წელს გადავწყვიტეთ, რომ ევროკრედიტი ჩემი პირადი სპონსორიც გახდებოდა და დამეხმარებოდა იმ შედეგის მიღწევაში რასაც წელს მივაღწიე - სამივე კატეგორიაში, რომელშიც გამოვდიოდი საქართველოს ჩემპიონობა მოვიპოვე. რა თქმა უნდა ევროკრედიტის წვლილი ამაში ძალიან დიდია. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც განვაგრძობთ თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო დიდი მწვერვალები დავიპყროთ და არა მხოლოდ საქართველოს არამედ უკვე მსოფლიოსა და ევროპულ შეჯიბრებებში ერთად გავიმარჯვოთ.
“მოგეხსენებათ, ევროკრედიტის მთავარი პროდუქტი ავტოსესხებია, შესაბამისად საავტომობილო ინდუსტრია და სპორტი ბუნებრივად ძალიან ახლოს არის კომპანიის შინაარსთან და სწორედ ამიტომ მოხდა ევროკრედიტის მხრიდან ავტოსპორტში აქტიური ჩართვა. წლების განმავლობაში ჩვენი ერთგული მომხმარებლები იყვნენ მრბოლელები, რომლებსაც სხვადასხვა შეჯიბრებეის წინ გარკვეული სახის ფინანსური რესურსების მობილიზება ჭირდებოდათ. ეს ტენდენცია კიდევ ერთი ნიშანი იყო ჩვენთვის, რომ ამ სპორტის მიმართ მეტი მხარდაჭერა გამოგვეჩინა. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა და პროექტია, რომელსაც “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან” პარტნიორობით და ევროკრედიტის პარტნიორ მრბოლელებტან ერთად განვახორციელებთ’ - ირაკლი წურწუმია, ევროკრედიტის დირექტორის მოადგილე.
2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის მიერ გამართულ დასკვნით დაჯილდოებაზე, სანდრო თავართქილაძესთან ერთად, თავად ევროკრედიტიც დაჯილდოვდა. ფედერაციის გადაწყვეტილებით ავტოსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო ევროკრედიტს ერგო.
მსგავსი დიდი მიღწევები და წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკრედიტისთვის დიდი მოტივაციაა, რათა უფრო მეტად დაუჭიროს მხარი ქართულ ავტოსპორტსა და მრბოლელებს, რომლებიც ყოველ წელს გასაოცრად სწრაფად მიდიან წინ კიდევ უფრო ბევრი წარმატებისკენ.