შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

დეკემბერი 28, 2022

ინტერვიუ სანდრო ლომაძესთან

ინტერვიუ სანდრო ლომაძესთან

სანდრო ლომაძე, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ევროკრედიტის პარტნიორი მრბოლელი.

 

როგორ და როდის დაიწყეთ მრბოლელის კარიერა?

კარიერა დავიწყე 17 წლის წინ, მაშინ ცოტა განსხვავებული ავტოსპორტი გვქონდა, სულ 12 14 კაცი ვიყავით ვინც რბოლებში ვიღებდით მონაწილეობას. პირველი წელი უფრო შეჩვევის ეტაპი იყო, შემდეგ თითქოს ეს დენთი სხეულში დარჩა, მოვიწამლე, დავრჩი ამ სპორტში და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ფედერაცია, რომელშიც ახლა ვარ 2009 წელს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უხეშად, რომ ვთქვათ ბევრნაირი ფედერაცია არსებობდა, იყო გარკვეული სირთულეები, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვძლიერდით. მე თავად 2019 წელს შემოვუერთდი, როგორც გამგეობის წევრი. წელს კი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩიეს პრეზიდენტად.

 

როგორია შეჯიბრისთვის მზადების პროცესი?

გარედან ყველაფერი განსხვავებულად ჩანს, ყველა ფიქრობს, რომ ადექი, დაჯექი მანქანაზე, წახვედი სადღაც იარე, მოიგე, წააგე და ა.შ ასე მარტივად სამწუხაროდ არ არის. რამდენიმე კვირის განმავლობაში გვიწევს მანქანასთან მუშაობა, გათენება. ჩემს 17 წლიან გამოცდილებაში ჯერ არ მახსოვს, რომ წინა ღამესაც მანქანა შესასწორებელი არ ყოფილიყო. შეიძლება იდეალური მანქანა იყიდო, ფარეხში დააყენო, დილას შეჯიბრის წინ დაქოქო და აღმოაჩინო, რომ რაღაც სჭირს. მანქანა 20000-ზე მეტი დეტალისგანაა აწყობილი. აბსოლუტურად ყველა  დეტალი  ზედმეტად ექსტრემალურ პირობებში მუშაობს და ძალიან ხშირია ტექნიკური დაზიანებები. ამიტომ გვიწევს, ყოველი შეჯიბრის შემდეგ მანქანის თითქმის სრულად დაშლა და აწყობა, რათა იყოს შესაბამის კონდიციაში. ბოლო 17 წელია, ყველა რბოლის წინ მიწევს ღამეების თენება, რადგან ბოლოს მაინც თუ თავად არ შეამოწმე სხვანაირად არ გამოდის. არის სახეობები, სადაც ხშირად ამ ყველაფერთან მუშაობა მარტოს გიწევს. მაგალითად რალი, ტყეში მარტო ხარ, არც სერვისი გაქვს, არც მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და მხოლოდ იმ რესურსით უნდა შეძლო პრობლემის მოგვარება, რაც ხელთ გაქვს. საერთო ჯამში რბოლის დღე ღირს ამ ყველაფრად და ამ სპორტის მთელი ხიბლიც ეგ არის, რომ მრავალი კვირის, წლების წვალებას აქარწყლებს ის შეგრძნებები, რასაც რბოლის დროს ვიღებთ.

 

როგორ შეაფასებდით ავტოსპორტს საქართველოში და როგორ ხედავთ მის მომავალს?

ამ შეკითხვაზე ორგვარი პასუხი შემიძლია გაგცეთ, როგორც ფედერაციის სახელით ისე მრბოლელის. სჯობს გავმიჯნოთ. დავიწყებ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ძალიან შორს მიმავალი, 2022 წელს მაგალითად 82 შეჯიბრი ჩავატარეთ, სხვადასხვა კლასები. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მივდივართ მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩამოვიტანოთ დიდი სერიები. მართალია, ფორმულა 1 ჩვენი ოცნებაა, მაგრამ მაქამდე კიდევ დიდი გზა და უამრავი შეჯიბრია, რომლის ჩამოტანაც გვინდა. ბევრ სხვადასხვა სერიასთან გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ასევე გვაქვს საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც მოსაგვარებელია.

მაგალითად, Formula E რომ ჩავატაროთ საქართველოში, ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ სპორტში საერთოდ ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს, თუმცა  მეორე მხრივ საკმაოდ ბერვ პრობლემას ვაწყდებით.  მსგავსი ტიპის ღონისძიებას ასიათასობით ადამიანი მოჰყვება და საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა დახვდეს. ამ ეტაპზე ჩვენი აეროპორტები არ არიან საკმარისად გამტარუნარიანი ამდენი ხალხის მისაღებად, ჩამოსულ ტურისტებს შესაბამისი სასტუმროები, კვების ობიექტები და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დაჭირდება, რასაც შესაბამისი მომზადება ჭირდება. ამიტომ ვცდილობთ შემოვიყვანოთ ისეთი სერიები, რომლებიც უფრო კომპაქტურია, საინტერესოა და ერთ ლოკაციაზე ტარდება. ასეთია მაგალითად დრიფტი, რალი კროსი ესენია კონტაქტური სახეობები, რომლებიც ყველასთვის საინტერესო და ეფექტურია. მსგავსი სახეობები ძალიან კარგია საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციისთვის და ქართველი პილოტების გაზრდისთვის. ასევე ვგეგმავთ, რომ ჩამოვიტანოთ კარტინგის საერთაშორისო შეჯიბრებები, რადგან აშკარაა, რომ საჭიროა თაობათა ცვლა, უნდა მომზადდეს ნიადაგი იმისთვის, რომ დაახლოებით 4 წელიწადში გვყავდეს ახალი მრბოლელები, ბავშვები აღიზარდონ და საბოლოოდ თუ ავტოსპორტში არ დარჩებიან მანქანის მართვას მაინც დაეუფლებიან.

მრბოლელის თვალიდან კი ვფიქრობ, რომ ცოტათი გადავამლაშეთ რადგან ფორმულა ერთის შეჯიბრია წელიწადში სულ 23 ჩვენ კი 82 ჩავატარეთ. რეალურად უკვე ყოველი კვირის ბოლოს რბოლაა, იყო ვიქენდები, როდესაც ორ განსხვავებულ ლოკაციაზე ერთდროულად ტარდებოდა შეჯიბრი და ჩვენც კი არჩევანის წინაშე ვიდექით სად გამოვსულიყავით, რაც რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აქცენტი უფრო მეტად უნდა გაკეთდეს იმ სახეობებზე, რომელთა განვითარებაც გვინდა. მომავალი წლისთვის გვექნება 4 სახეობა, რომელსაც სრულად დავუდგებით გვერდში და ბოლომდე განვავითარებთ.

ესენი იქნება დრიფტი, რომელიც დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია და თითქმის ყველა სპორტს გაუსწრო. შემდეგი იქნება რალი კროსი, რომელიც ძალიან სანახაობრივია, ახლა ნიადაგის მზადების პროცესში ვართ. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ბავშვთა კარტინგს და ასვე ვმუშაობთ აქტიურად სლალომზე.

 

რამდენად დიდია სპონსორი ორგანიზაციების ინტერესი ქართულ ავტოსპორტის მიმართ?

სამწუხაროდ ავტოსპორტის შესახებ ჩამოყალიბდა კლიშე, რომ ძვირია, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით და კომპანიებს დავანახეთ, რომ ავტოსპორტი სულაც არ არის ძვირი. ეს არის ფუფუნება, რომელიც სამწუხაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ არსებობს სახეობები, რომლებიც არც ისე ძვირია და ნებისმიერ პატარა კომპანიასაც შეუძლია გვერდში დაუდგეს, ნებისმიერ მრბოლელს, ან გუნდი იყოლიოს, ან პარტნიორი იყოს. ამის მარტივი მაგალითია ისიც, რომ დღეს ძალიან ბევრ კომპანიას აქვს სურვილი სპონსორობის. ადრე თუ სპონსორების მოძიება ძალიან გვიჭირდა ახლა უკვე თავად ვარჩევთ, რადგან არ გვსურს ავტოსპორტი არასწორ კომპანიასთან ასოცირდებოდეს. ნებისმიერ შეჯიბრს ესწრება 5000-20000 ადამიანამდე, თანაც ავტოსპორტის ღონისძიებები არ გრძელდება ერთი საათი, ეს მთელდღიანი პროცესია, მაგრამ ჩვენ მაინც გვყავს ერთგული ქომაგები, რომლებიც არ იზარებენ, მოდიან, გვერდში გვიდგანან და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. დამატებით ახლა დავნერგეთ პირდაპირი ტრანსლაცია, რომელსაც მუდმივად ასიათასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს.

 

როგორი გავლენა აქვს ევროკრედიტს ქართულ ავტოსპორტზე?

ევროკრედიტი იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ავტოსპორტს გარდატეხის პერიოდში გვერდით დაუდგა. მაშინ, როდესაც ავტოსპორტში მნიშვნელოვანი ცვლილები მიმდინარეობდა, შეიცვალა მიმართულება და განვითარების ახალ გზაზე დადგა, ევროკრედიტი ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. ჩვენი თანამშრომლობა შედგა პანდემიის დროს, ეს იყო მსოფლიო შესარჩევი თამაშები რალი სტარისთვის, რომელიც სრულად ევროკრედიტის პარტნიორობით წარიმართა. საუბარია პროექტზე, რომელშიც 147 ქვეყანა მონაწილეობდა. დაახლოებით 250 000 ადამიანმა გაიარა ამ პროექტში, ჩავატარეთ რამდენიმე რბოლა. საქართველოში 450 ახალგაზრდა, არაპროფესიონალმა გაიარა ტესტები და გამარჯვებული 5 გაემგზავრა ინგლისში, ფინალზე. სამწუხაროდ იქ მეოთხე ადგილი დავიკავეთ, გვჭირდებოდა პირველი სამეული, მაგრამ მაინც დიდი მიღწევა იყო და ევროკრედიტის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ამის შემდეგ ევროკრედიტმაც დაინახა ჩვენი ენთუზიაზმი და მიზანშეწონილად მიიჩნია ჩვენთან თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვიცით, რომ გვყავს ფინანსური სტაბილური პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მზად არის გაჭირვებულ სიტუაციებში ხელი გაგვიმართოს და დაგვეხმაროს.

ევროკრედიტი სამომავლოდაც განაგრძობს ქართული ავტოსპორტის მხარდაჭერას და მის განვითარებაში წვლილის შეტანას. თქვენ კი, როგორც ევროკრედიტის მომხმარებლებს თქვენი მცირედი წვლილი შეგაქვთ ამ მნიშვნელოვან პროცესში. ერთად შევუწყოთ ხელი  ქართულ საავტომობილო სპორტის განვითარებას.